ქართული ანბანის დღე

Home / სიახლეები / ქართული ანბანის დღე

26 სექტემბერს, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, ჩატარდა ღონისძიება „ქართული ანბანის დღე“. იგი მიეძღვნა იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ქართული ანბანის შეტანის საკითხს.

ღონისძიება გაიმართა თსუ სამეცნიერო ბიბლიოთეკისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სივრცეში. იგი კომპლექსური ხასიათის იყო და მოიცავდა რამდენიმე მონაწილე უნივერსიტეტისა და სამეცნიერო ცენტრის აქტივობას. კერძოდ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სემინარს „ქართული დამწერლობა – კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა“, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების საჯარო ლექციებს, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საჯარო ლექციას, GeoLab-ის ახალი ქართული შრიფტების პრეზენტაციას, 33 თანამედროვე ქართველი მწერლის ანბანისადმი მიძღვნილი კრებულის პრეზენტაციას, თსუ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გამართულ დიმა თოფურიძის ანბანის თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენას, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილ ანბანის თემაზე შექმნილი ტანსაცმლის და ფეხსაცმლის კოლექციის პრეზენტაციას, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენას „ქართული ხელნაწერი“ და ვიდეოპროექტის “ხელნაწერები არ იწვიან” პრეზენტაციას.

ღონისძიება დასრულდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ეზოში გამართული ნიაზ დიასამიძის კონცერტითა და მის მიერ ანბანის თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენით.

Related Posts