მირზა გელოვანი

Home / In memoriam / მირზა გელოვანი

1917 – 1944

მირზა გელოვანი – ცნობილი ქართველი პოეტი. იგი დაიბადა 1917 წლის 2 მარტს თიანეთის რაიონის სოფელ ნაქალაქარში. მირზამ 1935 წელს დაამთავრა თიანეთის პედაგოგიური ტექნიკუმი და მცირე ხნით მასწავლებლობდა. 1936–1939 წლებში პოეტი ცხოვრობდა თბილისში, სადაც თავისუფალ მსმენელად დადიოდა უნივერსიტეტში.

მირზა ლიტერატურული ფსევდონიმია. მას ახლობლები რეზოს ეძახდნენ. თავის პირველ ლექსებს კი „მზის კაცის“ ფსევდონიმით წერდა. მირზა გელოვანის პირველი ლექსის დაწერის თარიღია 1933 წელი, უკანასკნელისა კი –  1944 წელი. მიუხედავად იმისა,  რომ  სულ ათიოდე წელი გაგრძელდა მისი შემოქმედებითი ცხოვრება, მირზა გელოვანმა მოასწრო თავისთავადი პოეტური სამყაროს შექმნა. მისი საუკეთესო ლექსები ეძღვნება სამშობლოს, მშობელ ხალხს: “თუშის ქალი წყაროზე”, “ფანდური”, “ცხრაკარა” და სხვ.

განსაკუთრებული ლირიზმით გამოირჩევა გელოვანის რომანტიკული, სამიჯნურო ლექსები, რომლებიც ხასიათდება ნათელი სახეებით, ლაკონიზმით, ემოციურობითა და ექსპრესიულობით. მირზა გელოვანი თავის უკანასკნელ მუზაზე, ნინო ახვლედიანზე, დაქორწინებას აპირებდა, თუმცა არ დასცალდა.

1939 წელს მწერალთა კლუბში უკვე პოპულარულ პოეტს ლიტერატურული საღამო მოუწყვეს, სადაც უკანასკნელად წაიკითხა თავისი ლექსები და ბალადები.

1939 წლის ნოემბერში ახალგაზრდა შემოქმედი წითელ არმიაში გაიწვიეს, მოგვიანებით კი –მეორე მსოფლიო ომში, საიდანაც აღარც დაბრუნებულა.

Related Posts