ილია ჭავჭავაძე

Home / In memoriam / ილია ჭავჭავაძე

(1837-1907)
ილია ჭავჭავაძე – დიდი ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა“ და ქართული ჟურნალების „საქართველოს მოამბისა“ და „ივერიის“ დამაარსებელი, ეროვნული ბანკის ფუძემდებელი.
ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სამწერლობო მოღვაწეობა პეტერბურგში ცხოვრებისა და სწავლის პერიოდში იწყება. რუსეთში გატარებული წლები უაღრესად ნაყოფიერი აღმოჩნდა ილიას, როგორც პიროვნების, მოქალაქის, მოაზროვნისა და მწერლის, ფორმირება-სრულყოფისათვის, მისი პროგრესული, ფილოსოფიური თუ ესთეტიკური მრწამსის შემუშავებისათვის.
საქართველოში დაბრუნებული ილია ჭავჭავაძე აქტიურად ჩაება პოლიტიკურ-საზოგადოებრივ საქმიანობაში. 70-90-იანი წლებიდან დაიწყო გამოქვეყნება ი. ჭავჭავაძის მრავალრიცხოვანი ნაშრომებისა თუ წერილებისა, რომლებშიც ვლინდებოდა მისი ძლიერი ინტელექტი, ფაქტებისა და მოვლენების იშვიათი აღქმისა თუ გაანალიზების უნარი. მის კალამს ეკუთვნის ისეთი ცნობილი ნაწარმოები, როგორებიცაა: „ქართლის დედა“, „აჩრდილი“, „მგზავრის წერილები“, „კაცია-ადამიანი?!“, „ბედნიერი ერი“, „ჩემო კარგო ქვეყანავ“ და სხვა მრავალი.
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხილია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი.

Related Posts